#40PLUS – დღე 17

დღეს უკვე მეჩვიდმეტე დღეა და პირველად დავფიქრდი, რომ იმ პროცესში რაშიც ახლა ვარ არის მხოლოდ დადებითი მომენტები და არაფერი უარყოფითი. გარდა იმისა, რომ კუს ნაბიჯებით ვიცილებ ზედმეტ გრამებს – სხვა უკეთესობებსაც ვგრძნობ. თითქოს გაძლიერდა ჩემი ფეხებიც და ხელებიც. უფრო მსუბუქად ვარ და განწყობაც უკეთესობისკენ მიდის. თავიდან ამ თემაზე ბევრი არაფერი ვთქვი, მაგრამ საკმაოდ მძიმე განწყობა მქონდა ზუსტად იმ პერიოდში როცა ეს პატარა ბლოგი დავიწყე. და კიდევ ვერ მოვითმენ არ გითხრათ – ჩემი კანიც აშკარად უკეთაა, თითქოს სახესაც მოუხდა ზედმეტი გრამების მოშორება.
დღეს ცოტა მეტს ვიტყვი სიარულის მაგიურ ძალაზე. ამ დღეებში ვცდილობ ვიარო მეტი. ხან არ გამომდის, მაგრამ კვირაში ოთხი დღე მაინც – ძალიან გთხოვთ იარეთ ფეხით. გუშინ ვკითხულობდი ზუსტად, რომ უამრავი ადამიანი მიმართავს საზღვარგარეთ ამ თერაპიას. ამაში ახალი კი არაფერია. მაგრამ წავიკითხე, რომ დილას სამსახურისკენ 7-8 კილომეტრს ფარავენ ფეხით. უმეტესი მათგანი ამბობს, რომ ფეხით სიარულისას ძალიან სასარგებლო დასკვნებს აკეთებენ, მოსდით კრეატიული იდეები და პრობლემის გადაჭრის გზებსაც ზუსტად სიარულის პროცესში პოულობენ.
ჩვენი ტვინი ჰაერზე სიარულისას გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონებს – სეროტონინს და დოფამინს, რომლებიც ასევე ვარჯიშიშას გვეხმარება განწყობის გაუმჯობესებაში. ასევე ჰაერზე სეირნობა დეპრესიასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მიდგომაა. რაც მეტ კილომეტრს ვფარავთ, მით უფრო ვრწმუნდებით ჩვენი შესაძლებლობების უსაზღვროობაში. ლისის ტბაზე ერთმა საკმაოდ ხნიერმა კაცმა გვითხრა, რომ ყოველ დღე ლისის ტბას 10 წრეს არტყამს. გამოდის რომ 30 კმ დადის ყოველ დღე – ამდენი არ გვინდა, დასაწყისისთვის 3-4-5 კმ კი გადასარევია ჩვენთვის.
ზოგი მეცნიერი ამტკიცებს რომ, სიარულის დროს ხდება ისეთი ცილის გამომუშავება ორგანიზმში, რომელიც ტვინის ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს (BDNF) – ეს პროცესი კი აუმჯობესებს მეხსიერებას და ებრძვის დემენციას. ერთადერთი იარაღი რაც დანამდვილებით ებრძვის მეხსიერების პრობლემას, არის ზუსტად ჰაერზე ფეხით სიარული.
ფეხით სიარულის ათი უპირატესობა:
📌 სიარულისას იწვის ჩვენი კალორიები
📌 შეუცვლელია ჩვენი გულის ფუნქციონირებისათვის და სისხლძარღვებისთვის ♥️
📌 აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს
📌 იცავს ჩვენს სახსრებს
📌 აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს და გვმატებს ენერგიას
📌გვიუმჯობესებს განწყობას
📌აძლიერებს ჩვენს ძვლებს
📌ებრძვის ფილტვების დაავადებებს
📌 უხდება ჩვენს კანს
📌აძლიერებს ფეხების კუნთებს და მუცლის პრესს
მე ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით, მოძებნეთ საკუთარი თავისთვის დრო, ჩაიცვით სპორტული ფეხსაცმელი, გაიკეთეთ ყურსასმენები, ჩართეთ რამე სასარგებლო მოსასმენი ვიდეო, კარგი აუდიო წიგნი ან მუსიკა და სწრაფი ნაბიჯით ერთი საათი იარეთ. არ დაგეზაროთ. ჰონდა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სანდო წყაროებში ამოვიკითხე.
ბედნიერ დღეს გისურვებთ 💌