#40PLUS – დღე 19

დღე 19 – მინუს ორი კილო და 300 გრამი 🙌
Instagram: ninchojibladze19
#40plus ბლოგის წერა რომ დავიწყე, არ მიფიქრია, რომ ყოველ დღე შეგაწყენდით თავს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ყოველ დილას მაქვს რაღაც სათქმელი – თანაც მოდის ძალიან ბევრი წერილი, შეკითხვები და რაც მეტი ხალხი გვიერთდება, მით მეტად ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათ წინაშე. რამეს არასწორს ხომ არ გთავაზობთ? არ გადავაჭარბო, რამე არ გამომრჩეს, ტყუილი დაპირება არ გავცე… პირველ რიგში, რასაც ვწერ – ათასჯერ ვამოწმებ, ყოველთვის ვიყენებ კვლევებს, რომლებსაც კომპეტენტური საერთაშორისო ინსტიტუტები და ორგანიზაციები ავრცელებენ. ამაზე არ იდარდოთ. ასევე ვეყრდნობი პროფესიონალების რჩევებს, ექიმების მითითებებს.
დღეს კიდევ თავიდან შევეხები შუალედური კვების მიდგომებს. პირადად მე წელიწადზე მეტია რაც 16 საათიან შუალედურ კვებაზე გადავედი. ის 16 საათი შემიძლია ვთქვა არცერთხელ არ დამირღვევია. ამ გზით კვების კულტურა შევიცვალე, რაც იმაზე მეტად მომწონს და იმაზე მეტი მიღწევა მგონია, ვიდრე ნემისმიერი სხვა უპირატესობა, რაც შეცვლილ კვების რეჟიმს ჩემთვის აქამდე მოუტანია. ინტერვალის დაცვისას ისვენებს როგორც მოუსვენარი ინსულინი, ასევე ჩემი ტვინი, ასევე ჩემი მთელი ორგანიზმი, სადაც ყველაფერი ერთმანეთს ჯაჭვის პრინციპით ებმის. თითქოს მართლა ვგრძნობ, როგორ ჭამენ ეს უჯრედები ერთმანეთს, თითქოს მავნე უჯრედები მართლა მიდის ჩემგან სადღაც შორს. ამ კულტურის დარღვევას არ ვაპირებ, ინტერვალური კვების შესახებ რაც მეტს ვიგებ – მით მეტად მომწონს.
მაგრამ შუალედურ კვებასაც აქვს თავის უკუჩვენებები – როცა საქმე ეხება ადამიანს დიაბეტით, ადამიანს ვისაც კვებითი აშლილობა ჰქონია – ანორექსია ან ბულემია.
არ შეიძლება თვითნებურად ამ რეჟიმის დაცვა ორსულებისთვის, არც ძუძუთი კვების დროს.
ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს შუალედური კვების მარტივი გზაც, რომელიც საუკეთესოა დამწყებთათვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეტად უჭირს მკაცრ კვების რეჟიმთან გამკლავება.
1. ნუ მიიღებთ შაქარს და თეთრ ფქვილს. ნაცვლად – მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, სალათის ფოთლები, მთლიანი მარცვლეულისგან დამზადებული პროდუქტები, სასარგებლო ცხიმები. ყველაფერი რაც ნატურალურია, თქვენ წარმოიდგინეთ არის სასარგებლო.
2. დააცადეთ თქვენს ორგანიზმს დაწვას მიღებული ცხიმები. იყავით აქტიური, ადექით და იმოძრავეთ. კვების შუალედებში იარეთ ფეხით, გაიწელეთ, აკეთეთ მცირე ვარჯიშებიც.
3. გაითვალისწინეთ, არსებობს შუალედური კვების უფრო მარტივი ფორმაც. უბრალოდ შეამცირეთ კვების საათები. თავიდან 12 საათიანი ინტერვალიც შეიძლება, უბრალოდ ნუ შეჭამთ საღამოს და ძილის წინ.
4. “სნექინგი” – იგივე ცმუცნაობა, ძალიან მავნე ჩვევაა და ეცადეთ გადაეჩვიოთ.
შუალედური კვება არის მართლაც სასარგებლო არჩევანი, თუმცა როგორც ყველაფერ სხვაში – აქაც აუცილებელია მოვუსმინოთ საკუთარ თავს, ვიცნობდეთ ჩვენს შესაძლებლობებს და დავიცვათ ოქროს შუალედი, ვისწავლოთ ბალანსი და არ გადავაჭარბოთ, არ დავიტანჯოთ, არ გადავარდეთ უკიდურესობაში. ვუსმინოთ ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს ტვინს – ზუსტად ის გვკარნახობს თუ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია ჩვენ.
ხშირად მიფიქრია რა არის ცხოვრებაში მთავარი, ხშირადვე მიპოვნია პასუხიც – ვიპოვნოთ ბალანსი საკუთარ თავთან, ის რაღაც სანატრელი ოქროს შუალედი. არა მარტო კვებისას, ან სიარულისას, ან ვარჯიშისას. არა – ბალანსის პოვნა, ყველა ასპექტში მთავარია – ადამიანურ ურთიერთობებში, პროფესიონალური მოვალეობის შესრულებისას, კითხვისას, ყიდვისას, ფიქრისას, მოგზაურობისას, სიკეთის კეთებისას… ამ ბალანსის პოვნას გისურვებთ ყველას💫💫💫
ბედნიერ დღეს გისურვებთ 💌