#40PLUS – დღე 21

დღეს უკვე ამ სამ კვირაში მეორედ შიმშილის 36 საათიან ციკლს ვაკეთებ. პირველი 40 საათამდე ავიდა – რადგან შიმშილის გრძნობას არც შევუწუხებივარ და მართალი გითხრათ არც დავარღვევდი ამ ინტერვალს, უბრალოდ ჩავთვალე რომ მეტი არ მჭირდებოდა.
ვნახოთ რა იქნება ხვალ. მორალურად მეტად მზადყოფნაში ვარ, რადგან ამ სამ კვირაში იმდენი რამე წავიკითხე გრძელ ინტერვალებზე, ისეთ საოცრებებს ჩადის ხალხი ჯანსაღი ცხოვრების სტილის გაუმჯობესების გზაზე, ამ გადმოსახედიდან სიგიჟეც მგონია ეს გააზრებული ასკეტიზმი. მაგრამ მათ მიზნებს და მიღწევებს რომ გადავხედე, უმეტესობა მართლაც სუპერადამიანია, “super human”-ების და მათი მიღწევებისაა 21 საუკუნე – სადაც კვების თემა რა თქმა უნდა არა მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია საკუთარ თავზე მუშაობისას.
დიდი ინსპირაციაა ჩემთვის, როცა ამ ხალხის სტატიებს, ბლოგებს თუ ვიდეო მიმართვებს ვუსმენ. ასაკობრივი თანხვედრიდან გამომდინარე, დიდი სურვილი მაქვს მათი გამოცდილება შევისისხლხორცო. ამას თუ შევძლებ, სხვა ბევრ რამესაც შევძლებ. ჯერ ასე მცირედით ვიწყებ, ასე თქვენთან ერთად.
36 საათი შიმშილის ფაზა რეკომენდირებულია ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანებისთვის ან კონკრეტული ექიმის დანიშნულებით მხოლოდ.
ამიტომ მომწონს ეს #40plus როცა გვინდა ზრდასრულები ვართ – როცა გვინდა გოგოები. ზოგი კარგი ბებიაა – ზოგიც ახალბედა დედა.
მე იმდენი სუპერ გოგო მწერს, ამ გზაზე ისეთი უმაგრესი ადამიანები გავიცანი – დარწმუნებული ვარ ზუსტად ეს გოგოები შეძლებენ შეუძლებელს.
მთავარია ამ გზაზე, რასაც საკუთარ თავზე მუშაობა ქვია, არ დავიტანჯოთ – ნელი ნაბიჯებით ვიაროთ, მაგრამ მხოლოდ წინ.
და თუ ჯერ ისე არ მიდის ყველაფერი, როგორც წარმოგვედგინა – არ დაყაროთ ფარ-ხმალი. ჩვენ ისეთი რამეები გადაგვივლია, 36 საათიანმა შიმშილმა ან ნებისმიერმა ფიზიკურმა გამოწვევამ, ვარჯიშის ან სიარულის ინტენსიურობამ რა უნდა დაგვაკლოს.
პირიქით – ეს ყველაფერი გვეხმარება, კიდევ უფრო ძლიერები, ჯანმრთელები და ლამაზები გავხდეთ. მთავარია არ მოვეშვათ, მთავარია გავიაზროთ და გადავწყვიტოთ, რომ ყველა ჩვენგანს აქვს შანსი იყოს ზუსტად ის სუპერ ადამიანი, ვის გამოცდილებასაც ბავრი ირგვლივ მყოფი გაიზიარებს.
კიდევ ერთი პატარა მიგნება. ამ ხალხს აქვს ერთი საერთო, თითქმის ყველა მათგანი წარმატებულია და არცერთი არ არის უსაქმური. ისინი არ ჩერდებიან, მუდმივად ვითარდებიან, მუდამ შრომობდნენ და შრომის ფასად აქვთ მოპოვებული ყველაფერი, რაც აქვთ – თუნდაც ხასიათის სიმტკიცე, სისტემურობა, დისციპლინა და ცხოვრება, რომელიც თავად შეიქმნეს. რატომღაც მგონია ეს ინსპირაცია, შთაგონება რომ ყველას შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი ადამიანები, არ გამივლის არასდროს და ნეტავ მართლა არ გამიაროს.
ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ 💌